ცოტა რამ ისტორიიდან
სინგაპური მალაიზიისა და ინდონეზიის მეზობლად მდებარეობს, მისი ფართობი დაახლოებით 700 კვ.კმ.-ს შეადგენს და თბილისის ფართობს თითქმის 2-ჯერ აღემატება. იგი ერთ დიდ, მთავარ კუნძულსა და 30-ზე მეტ პატარა გარშემომდებარე კუნძულებს შეიცავს. სინგაპურის მოსახლეობა უკანასკნელი მონაცემებით 5 მილიონს აჭარბებს, აქედან დაახლოებით 77% – ჩინელები, 12% – მალაიელები და 8% – ინდოელები, დანარჩენი კი – სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობებია. ოფიციალური ენებია: ინგლისური, მანდარინული (ჩინ.), მალაიური და ტამილური (ინდ.).
ქვეყნის სახელწოდება სანსკრიტული (ესაა ძველინდური სალიტერატურო ენა) წარმოშობისაა და „სინგა პურ” ნიშნავს „ლომის ქალაქს”. იგი უკავშირდება 1299 წელს სუმატრის პრინცის პირველ სტუმრობას ამ კუნძულზე. როცა ის და მისი მხლებლები ნაპირზე გადმოვიდნენ, დაუნახავთ დიდი ცხოველი შავი თავითა და წითელი ტანით, რაც მათ რატომღაც ლომად აღიქვეს თურმე. სწორედ მათ მიერ გავრცელდა და დამკვიდრდა სახელი „სინგაპური” შემდგომ პერიოდში. თუმცა, ისტორიულად დადასტურებულია, რომ ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში ამავე ადგილას არსებობდა აზიაში ცნობილი საპორტო ქალაქი ტემასეკი. სხვადასხვა ეპოქაში სინგაპურს განაგებდნენ ინდონეზიისა და მალაიზიის ტერიტორიათა მფლობელი იმპერატორები. მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის მას უკვე ბრიტანელები აკონტროლებდნენ.

No comments:
Post a Comment